ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი, რომელსაც კორონავირუსი აქვს, საავადმყოფოში გადაიყვანეს

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ალან ტადტაევი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ დე ფაქტო უწყების პრესსამსახური იუწყება.
მათი ინფორმაციით, პირველმა ტესტმა, რომელიც ტადტაევმა ჩაიტარა, უარყოფითი პასუხი აჩვენა, მაგრამ კვირას ჩატარებული ტესტით დადგინდა, რომ „სპიკერი“ კოვიდდადებითია.
მათივე ინფორმაციით, ტადტაევი სახლში მკურნალობდა, მაგრამ იმის გამო, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა, მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა აუცილებელი.
ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

























