დავით ბაციკაძე „ნაცმოძრაობის“ წევრის ბრალდებაზე - როცა პულსი არ გესინჯება წინასაარჩევნოდ, გასაგებია, რაღაც უნდა გამოიგონო და ყურადღების ცენტრში მოექცე

დავით ბაციკაძე „ნაცმოძრაობის“ წევრის ბრალდებაზე - როცა პულსი არ გესინჯება წინასაარჩევნოდ, გასაგებია, რაღაც უნდა გამოიგონო და ყურადღების ცენტრში მოექცე

„ნაციონალური მოძრაობის“ პლაკატებს არავინ არ ესხმის, „ქართული ოცნება" სულ სხვა საქმით არის დაკავებული, - ასე გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან" დავით ბაციკაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას.

დავით ბაციკაძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აჟიოტაჟს ქმნის, რომ ყურადღების ცენტრში მოექცნენ.

„როცა პულსი არ გესინჯება წინასაარჩევნოდ და ყველა კვლევა აჩვენებს, რომ სადღაც მიზერში ხარ, გასაგებია, რაღაც უნდა გამოიგონო და ყურადღების ცენტრში მოექცე. „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, რომ ეს პერიოდი გამოიყენოს და შექმნას აჟიოტაჟი, თურმე მათ ესხმიან თავს და აზიანებენ პლაკატებს. პირიქით, ისინი მოდიან პროვოკაციაზე, ეს მათი პროვოკაციაა და გასაგებია, რომ არ გაუვათ და ვერც აჟიოტაჟს შექმნიან ამისგან“, - აცხადებს ბაციკაძე.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მიშა ბოლქვაძემ განაცხადა, რომ აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ბანერები მიზანმიმართულად დააზიანეს და ამაში „ქართული ოცნება“ დაადანაშაულა.