მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ 30 აგვისტოს შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებული მამაკაცი სოფელ წინაგარას მკვიდრია, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეზე ალა გაგლოევაზე დაყრდნობით იუწყება.
მისი თქმით, 50 წლის მამაკაცს ორმხრივი ფილტვების ანთება და მაღალი სიცხე აქვს.
ავადმყოფის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მიმდინარეობს მისი საკონტაქტო წრის გამოვლენა. დაინფიცირებულის განცხადებით, ჩრდილოეთ ოსეთიდან დაბრუნდა, სადაც ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის ე.წ. საზღვარი 15 სექტემბერს გაიხსნა, რომელიც მანამდე ნახევარი წლის განმავლობაში ჩაკეტილი იყო.
პანდემიის დაწყებიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 90 შემთხვევა გამოვლინდა. ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა. 30 აგვისტოს შემდეგ კოვიდ-19 დე ფაქტო რესპუბლიკაში არ დაფიქსირებულა.

























