თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე ღირსეულად წარმოადგენენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში, ისე პარლამენტში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე ღირსეულად წარმოადგენენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში, ისე საქართველოს პარლამენტში. ამის შესახებ რიჟვაძემ ხელვაჩაურში, მმართველი პარტიის მიერ ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანზორ ბოლქვაძისა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ფრიდონ ფუტკარაძის წადრგენისას განაცხადა.
„ჩვენ გავითვალისწინებთ სიით შემადგენლობაში, რომ ყველა მუნიციპალიტეტს ჰყავდეს თავისი წევრი წარმომადგენლობით ორგანოში.
2012 წლიდან დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა და ამ 8 წლის განმავლობაში, არაერთი მიღწევა გვაქვს, როგორც სოციალური სახლების მშენებლობის ნაწილში, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით.
ამ ყველაფერზე, ჩვენ, ყოველდღიურ რეჟიმში ვაწარმოებთ აქტიურ კომუნიკაციას როგორც თქვენთან, ისე სოფლის, დაბის დონეზე. ყველა ის მიმდინარე პროექტი, რომელიც ხორციელდება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, მაღალი ხარისხით, მიმართულია იქით, რომ თითოეულმა ხელვაჩაურელმა საკუთარი ოჯახის კეთილდღეობის დონეზე იგრძნოს ეს მიღწევები,“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მისივე თქმით, ხელვაჩაურის რაიონში ძალიან მალე დასრულდება გაზიფიცირება და ყველა მიიღებს ბუნებრივ აირს საკუთარ ოჯახებში. ასევე, რიჟვაძის თქმით, ძალიან აქტიურად ვავითარებთ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები.
„ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ხელვაჩაურში, არცერთ დასახლებულ პუნქტში, მწვავედ აღარ იდგეს წყალმომარაგების პრობლემა. ამავე დროს, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად, გავაგრძელებთ მუშაობას, რომ არცერთი დაბა, ხეობა არ დარჩეს თანამედროვე გზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე.
ამ ყველაფერს სჭირდება თქვენი თანადგომა. ბუნებრივია, მოველით და გვაქვს იმის იმედი, რომ კიდევ ერთხელ დაგვიდგებით გვერდში, რათა ერთად გავაგრძელოთ იმ ღირსეული და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა, რომელსაც 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი,“- განაცხადა რიჟვაძემ.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

























