მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნში, პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში, კულტურული ღონისძიებები ჩატარდება

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნში, პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში კულტურული ღონისძიებები ჩატარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ღონისძიებები რეკომენდაციების გათვალისწინებით, ღია სივრცეში ჩატარდება.
სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია დედაქალაქიდან ჩასული ცნობილი მეცნიერებისა და მწერლების - თამარ ბელაშვილის, გიორგი კეკელიძის, დავით რობაქიძის შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, სტუდენტებთან და უფროსკლასელებთან. სტუმრები ისაუბრებენ კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე და ინტერაქციის რეჟიმში გამართავენ მსმენელთან დიალოგს. ღონისძიების ფარლგებში, ასევე მოეწყობა გამოფენები ადგილობრივი ხელოვანების მონაწილეობით.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, სოფელ ხოჯორნის ახალგაზრდებს ამავე სოფლის სკოლისთვის სპორტული ეკიპირება/ინვენტარი გადაეცემა. ადგილობრივი სკოლის ბიბლიოთეკას კი სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები გადაეცემა.
ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის გაიმართება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების/მიმართულებების გაცნობა - „პროფორიენტირი“ და ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება. ღონისძიებები კონცერტით დასრულდება და მასში მონაწილეობას მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული მუსიკალური ბენდი „Sunshine“ მიიღებს.
ღონისძიებების ხელშემწყობია ქ. მარნეულის კულტურის ცენტრი და ქ. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია.
დღის განრიგი:
სოფ. ხოჯორნის სკოლის მიმდებარე ტერიტორია:
14:00– 14:15 - ლექცია თემაზე „აკაკი წერეთელი - 180“ - საიუბილეო გამოცემები;
14:20 – 14:40 - ლექცია თემაზე „ოტია იოსელიანი - 90“;
14:45 -15:00 - ლექცია თემაზე „ტიციან ტაბიძე - 125“;
15:05- 15:20 - მოკლემეტრაჟიანი ფილმის „აპრილის სუსხი“ ჩვენება;
15:25 - 15:40 - თსუ - ს სასწავლო პროგრამების/მიმართულებების გაცნობა - „პროფორიენტირი“;
15:45 – 16:05 - გამოფენის გახსნა და სპორტული ეკიპირების ადგილობრივი სკოლისთვის გადაცემა;
16:10 – 16:50 - მუსიკალური კონცერტი ბენდის „Sunshine“ მონაწილეობით.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, 2020 წლის 31 აგვისტოდან ხორციელდება სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და ახალგაზრდების ინფორმირებულობა.

























