ქობულეთში, საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ქობულეთში, საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ქობულეთში, საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, მათი მოთხოვნაა, ბანკებმა საპროცენტო შენატანი ერთი წლით გადაუვადონ და ასევე სესხის პროცენტი ჩამოეჭრათ.

აქციის მონაწილეების თქმით, საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები ბანკში თანხას იმ მიზეზით ვერ იხდიან, რომ პანდემიის გამო დაზარალდნენ და ტურისტულ სეზონზე შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლებას აფრთხილებენ, თუ მათ მოთხოვნას მთავრობა არ გაითვალისწინებს, საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.

თავის მხრივ, ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეების მოთხოვნაზე თვითმმართველობა სხვადასხვა სტრუქტურებთან ერთად აქტიურად მუშაობს. მათივე თქმით, საკითხის ინდივიდუალური შესწავლა მოხდება.

„დღეს ისევ შედგა შეხვედრა სეზონურ მსესხებლებთან, ქობულეთის მოსახლეობასთან. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ფაქტობრივად, ტურისტული სეზონის პრობლემების გამო აქვთ პრობლემა საკრედიტო დავალიანების გასტუმრების. შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით ერთიანად მუშაობს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის გუნდი, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და მაქსიმუმს აკეთებენ იმისათვის, რომ ამ მოქალაქეების მოთხოვნა იქნას გათვალისწინებული“, - აცხადებენ ქობულეთის მერიაში.

აქციის მონაწილეებმა აღნიშნული მოთხოვნით ხელმოწერებიც შეაგროვეს.