ლაშა საკანია, რომელსაც აფხაზური ოპოზიცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან მოლაპარაკებების წარმოებაში ადანაშაულებს, ე.წ. პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას ტოვებს

ლაშა საკანია, რომელსაც ოპოზიცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმოებაში ადანაშაულებს, აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას“ ტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
„ძვირფასო მეგობრებო, 2020 წლის 18 აგვისტოს შექმნილ რთულ სიტუაციასთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ საზოგადოებაში დაძაბულობა არ გაიზარდოს, გადავწყვიტე, საკუთარი სურვილით დამეწერა განცხადება გადადგომის შესახებ. მსურს განვაცხადო, რომ ყოველთვის ვიცავდი და დავიცავ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს,“- წერს საკანია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
ადგილობრივი მედია წერს, რომ მანამდე პოლიტიკოსი აცხადებდა, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ „ვიზიტი წმინდა ჰუმანიტარული ხასიათის იყო“ და მათ ილორის ტაძარს საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცეს.

























