დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება, ლენჯერში კი მოსახლეობის განმეორებითი ტესტირება დაიწყება

დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება, ლენჯერში კი მოსახლეობის განმეორებითი ტესტირება დაიწყება

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში მოსახლეობის განმეორებითი ტესტირება დღეიდან დაიწყება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანმა განუცხადა, ასევე, დღეიდან დაწესებული შეზღუდვები იხსნება მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლისთვის, გარდა დაბა მესტიისა და ლენჯერის თემისა.

„მესტიის მუნიციპალიტეტში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. დღეს, იმ პირების განმეორებითი ტესტირება დაიწყება, რომლებსაც 12-დღიანი საკარანტინე ვადა ამოეწურა. ასეთია 500-მდე პირი, რომელიც არის როგორც ლენჯერის თემის მცხოვრები, ასევე საკარანტინე სივრცეში განთავსებული პირი. დღეს განმეორებითი ტესტირებით 500-მდე ნიმუშის აღება არის დაგეგმილი“,-განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, 10 აგვისტოდან შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერისა და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილება შეზღუდულია როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან, რაც გულისხმობს, რომ მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი მოქალაქეები ვალდებული არიან, გაიარონ კარანტინი.

აღნიშნული შეზღუდვა 21 აგვისტოდან უქმდება მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლისთვის, გარდა დაბა მესტიისა და ლენჯერისა.

იხილეთ ვიდეო:დღეიდან დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში საკარანტინო შეზღუდვები იხსნება