დავით ერემეიშვილი - რეაბილიტირებული ხელოვნების სკოლა ქუთაისში თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება

დავით ერემეიშვილი - რეაბილიტირებული ხელოვნების სკოლა ქუთაისში თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება

ქუთაისის ხელოვნების სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, ხელოვნების სკოლის განახლებული შენობა ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

მათივე ინფორმაციით, სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის 370000 ლარი დაიხარჯა. გარემონტდა როგორც ფასადი, ასევე შეიცვალა შიდა ინფრასტრუქტურაც. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეაბილიტაცია ჩაუტარდა საკონცერტო დარბაზს და სცენას, სამეცადინო ოთახებს, გასახდელს. დამონტაჟდა განათების, წყალგაყვანილობის და ცენტრალური გათბობის ახალი სისტემა, განახლდა ტერასა და მოეწყო პანდუსი. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „TU-KA „- მ შეასრულა.

„ქუთაისის ხელოვნების სკოლაში წლების მანძილზე არ ჩატარებულა სარემონტო სამუშაოები და სავალალო სიტუაციაში იყო ეს შენობა. სრული რეაბილიტაციის შემდეგ ხელოვნების სკოლა ყველა თანამედროვე სტანდარტს და მოთხოვნას შეესაბამება. კულტურის ეს კერა, რომელიც გამორჩეულია ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში თავისი ტრადიციებით და მიღწევებით, ახალი სასწავლო წლიდან განახლებულ შენობაში უმასპინძლებს მოსწავლეებს და კიდევ მრავალი წარმატებით გაახარებს ქალაქს“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.