პრემიერი - რუსთავში უახლოეს პერიოდში დასრულდება 25-ე და 26-ე სკოლების სრული რეაბილიტაცია

პრემიერი - რუსთავში უახლოეს პერიოდში დასრულდება 25-ე და 26-ე სკოლების სრული რეაბილიტაცია

პრემიერ - მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, რუსთავში უახლოეს პერიოდში 25-ე და 26-ე სკოლების სრული რეაბილიტაცია დასრულდება, ასევე საბავშვო ბაღების. როგორც მან რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა და მათი ფინანსური მოცულობა გაიზრდება.

„სახელმწიფო ვალდებულია, შეუქმნას თანაბარი პირობები ყველას იმისთვის, რომ ვიშრომოთ, ვიყოთ ეფექტურები, გვქონდეს თვითრეალიზების შესაძლებლობა და ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები. ეს არის ის ძირითადი ფუნდამენტური პრინციპები, რაზეც აქამდეც ვზრუნავდით და რაც უნდა გავაგრძელოთ. ეს არის ის, რის ირგვლივაც ჩვენ კიდევ წლების განმავლობაში მოგვიწევს ტრიალი, მაგრამ რა თქმა უნდა, არის ისეთი მიმართულებები, რომელიც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს არის სოფლის მეურნეობა, საინვესტიციო გარემო, ქვეყნის ინფრასტრუქტურა, რომელსაც წლები დასჭირდება, რომ ნორმალურ ევროპულ მდგომარეობამდე მივიყვანოთ. გზები, წყალმომარაგება, რომელიც დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით უაღრესად დიდი პრობლემაა, რუსთავშიც მათ შორის. აქ ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა და მათი ფინანსური მოცულობა რა თქმა უნდა, გაიზრდება.

რუსთავში უახლოეს პერიოდში დასრულდება 25-ე და 26-ე სკოლების სრული რეაბილიტაცია, ასევე საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია. უამრავია საშრომი ჯერ კიდევ, მაგრამ ძირითადი პრინციპია, რომ დაწყებულია ბევრი უაღრესად კარგი საქმე და ეს საქმეები ერთად უნდა დავასრულოთ“,-განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე ძალიან ეფექტურად იმუშავებს.

„დარწმუნებული ვარ, ნინო ლაცაბიძე იქნება რუსთავის საუკეთესო წარმომადგენელი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოში, მარტივი მიზეზის გამო. ჯერ კიდევ საკრებულოში შრომობს და მუშაობს, მაგრამ უკვე რუსთავის ინფრასტრუქტურულ პროექტებში - სკვერების, ბაღების რეაბილიტაციის პროცესშია ჩართული. იგი იქნება უაღრესად ეფექტური და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად, რაც მთავარია სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვებთ. გამარჯვებას გისურვებთ!“,- განაცხადა გახარიამ.