ახალგაზრდების ნაწილი რუსთავის ცენტრალურ პარკში შესვლას ითხოვს, სადაც "ქართული ოცნება" მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენს

ახალგაზრდების ნაწილი რუსთავის ცენტრალურ პარკში შესვლას ითხოვს, სადაც "ქართული ოცნება" მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენს

რუსთავში, ცენტრალურ პარკში, სადაც "ქართლი ოცნება-დემოკრატიული საქართველო" მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატს წარუდგენს, ახალგაზრდების ნაწილია შეკრებილი. ისინი უშუალოდ ღონისძიების ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ. ახალგაზრდებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.

ახალგაზრდების განცხადებით, მათ სურთ ტერიტორიაზე მდუმარე აქცია გამართონ. ახალგაზრდები აცხადებენ, რომ ისინი „სტრატეგია აღმაშენებელს“ წარმოადგენენ.

„გვინდოდა მდუმარედ დავმდგარიყავით და პროტესტი გამოგვეხატა, დაგვხვდა პოლიცია და გვიკრძალავს პროტესტის გამოხატვას და იქ მისვლას“,- აცხადებს ერთ-ერთი ახალგაზრდა.

მათ სამართალდამცველებმა განუმარტეს, რომ ტერიტორიაზე ვერ შეუშვებენ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, რადგან "ღონისძება არის სპეციალური, რომელზე დასწრებაც ხდება მოსაწვევებით".

"სტრატეგია აღმაშენებელის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლის ნიკა ბურჭულაძის განცხადებით, რუსთავში ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა მას ხელი ჰკრა.

"ხელი გამკრა უხეშად ისე, რომ არც გავრბოდი. არ ვიცი, ვინ იყი. ეს არ იყო პოლიციელი,"ქართული ოცნების" ბეიჯი ეკეთა, სახეზეც ვერ შევამჩნიე, ბუჩქებიდან გამოვარდა. როცა გადაწყდა, რომ შიგნით არ გვიშვებდნენ, ჩვენ მანქანებთან უნდა გავსულიყავით. ნელა მოვდიოდით და დაგვიპირისპირდა. ჩივილს არ ვაპირებ", - განაცხადა ნიკა ბურჭულაძემ

ხმაური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვისაც გრძელდება.