კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 1 აჭარაში გამოვლინდა, პაციენტის დაინფიცირების წყარო უცნობია

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 1 აჭარაში გამოვლინდა.
ინფიცირებული ქალის წყაროს დადგენა მიმდინარეობს. ახალგაზრდა ქალთან კონტაქტში მყოფი 15 პირი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.
როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ნონა ეფაძე აცხადებს, 53 პირს ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუში აუღეს. მისივე თქმით, შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
"აჭარაში ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ახალაგაზრდა ქალმა ჩივილებით კლინიკას მიმართა, იგი "ცხელების ცენტრში" იყო გადაყვანილი და კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. სპეციალისტებმა ეპიდკვლევა დაიწყეს, ასევე რისკები შეფასდა.
ქალთან კონტაქტში მყოფი 15 პირი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი, ხოლო 53 ნიმუში კი კვლევისთვის არის აღებული. ინფიცირებული ქალი არ გახლავთ აჭარის მკვიდრი, იგი არც საკარანტინო სივრცეში არ იმყოფებოდა და არც უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. წყაროს მოძიება მიმდინარეობს. ქალი ქობულეთში იმყოფებოდა",- განაცხადა ნონა ეფაძემ.
აჭარაში ბოლო 24 საათში 916 ტესტი ჩატარდა, აქედან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა.
ამ დროისათვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 19 ადამიანი მკურნალობს, აქედან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.]

























