რუსთავში მოძრაობა „გავიგუდეთ“ აქტივისტებმა აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს

სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან საპროტესტო აქცია გამართეს. სამოქალაქო მოძრაობის ,,გავიგუდეთ“ აქტივისტები, მოითხოვდნენ, რომ საქართველოს პარლამენტმა გარემოსდაცვით პასუხისმგებლობის კანონში ცვლილებების კანონპროექტი დროულად დაამტკიცოს და საშემოდგომო სესიისთვის არ გადადოს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გივი შანიძემ განაცხადა, აღნიშნულ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის შემუშავებასა და განხილვაში, რუსთაველი აქტივისტები აქტიურად იყვნენ ჩართული, ვინაიდან, რუსთავისთვის, სადაც მოქმედი საწარმოები, მათ შორის მეტალურგიული ქარხანა, სისტემატურად აბინძურებს გარემოს, ძალზედ მნიშვნელოვანია საწარმოებზე მონიტორინგისა და საჯარიმო სანქციების გამკაცრება.
აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზაც გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სამართალდამცავებმა სამოქალაქო აქტივისტების გზის გახსნისკენ მოუწოდეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, საპროტესტო აქციებს სისტემატურად გამართავენ.

























