სოფელ კვახჭირის მკვიდრი წყალმომარაგების პრობლემების მოგვარებას ითხოვს და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებას ეხმაურება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის მოსახლეობა წყალმომარაგების პრობლემების შესახებ საუბრობს. მოსახლეობის ნაწილმა წყლის მოთხოვნით აქცია გუშინ გამართა.
როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა ნოდარ ჩხიკვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სოფლის მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა 2017 წლიდან აქვს და მიუხედავად იმისა, რომ მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია.
„თერჯოლის მუნიციპალიტეტში ეს პრობლემა 2017 წლიდან არის. წყალმომარაგებაში არსებული პრობლემის შესახებ აუდიტის დასკვნაშიც არის საუბარი. ვითომ იწყება სამუშაოები და ჩერდება. ორი ტენდერი გავიარეთ, თუმცა წყალი მაინც არ გვაქვს. სამუშაოები იმდენად უხარისხოდაა შესრულებული, რომ მალე ფუჭდება. სწორედ ამას ვაპროტესტებთ, რომ წყალმომარაგების სისტემა სრულად და გამართულად მუშაობდეს. ადგილობრივ ხელისუფლებას ძალიან ბევრჯერ მივმართეთ. გვპირდებიან, რომ ეს პრობლემა მოგვარდება, მაგრამ ამაოდ. ამ ტყუილი დაპირებების ქვეშ ვართ უკვე მრავალი წელია. სრული სისულელეა ის, რომ აქციას პოლიტიკური საფუძველი აქვს, მდინარიდან ამოგვაქვს წყალი, რომ ვისარგებლოთ და რომელ პოლიტიკურ ანგაჟირებულობაზეა საუბარი? "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე, რომელიც აქციას ორგანიზებას უწევდა, ადგილობრივი მკვიდრია და მისი ჩართულობა არა პოლიტიკას, არამედ პრობლემის სიღრმეს უკავშირდება. ხელისუფლება არსებულ პრობლემაზე ამ რეაგირებს, გვეუბნებიან, ცოტა ხანი მოითმინეთ და პრობლემა მოგვარდებაო, თუმცა, ვფიქრობ, დროს აჭიანურებენ. ახლა, როცა აქცია გავმართეთ და ფაქტი საქვეყნოდ გაშუქდა, განაცხადეს, რომ სხდომას გამართავენ და საკითხს შეისწავლიან. იმ დროს, როდესაც მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის გამო აქციას მართავს და ადგილობრივი ხელისუფლება მას პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებს, ეს ხალხის დაცინვა არ არის?! წყალს უკვე 3 წელია ვითხოვთ. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება, უფრო ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარებას ვგეგმავთ“,- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ამასთან, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, კვახჭირში წყლის სისტემის მოსაწყობად 2017-2018 წლებში 300 ათასი ლარი დაიხარჯა. მათი განმარტებით, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა შპს "ლ და კ“-მ და „ჯორჯიან პლასტიკმა“ აწარმოა და წყალი 520-მა ოჯახმა მიიღო. გუშინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით მათ განცხადებაც გაავრცელეს და განმარტეს, რომ აქცია პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო. „მიმდინარე წელს რამდენიმე უბანში მოხდა წყლის მიწოდების შეფერხება, რის გამოც მერიის სამსახურების, ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურისა და მშენებელი კომპანიის მიერ უკვე თვეზე მეტია, მიმდინარეობს პროფილაქტიკური სამუშაოები ხარვეზების დადგენისა და აღმოფხვრის მიზნით. მიუხედავად სამუშაოების მიმდინარეობისა, კვახჭირის მოსახლეობის ნაწილმა წყლის მოთხოვნით აქცია გამართა. სწორედ ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ აქცია იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული და ემსახურებოდა მოსახლეობის ერთმანეთთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაპირისპირებას. ამასთან, აქციას ორგანიზებას უწევდა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე. იმისათვის, რომ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" არ გახდეს მოსახლეობის სამართლიანი მოთხოვნების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების და საზოგადოებაში დესტაბილიზაციის შეტანის მცდელობის მონაწილე, ვთხოვთ საზოგადოების თავმჯდომარეს შეისწავლოს დღევანდელი აქციის საკითხი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საკითხის მოგვარებისათვის",- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

























