ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული დაჭრილი მამაკაცი ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან ქუთაისში გადაიყვანეს

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის სულხან ორჟონიას განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი შუახნის მამაკაცი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ ქუთაისში გადაიყვანეს.
როგორც სულხან ორჟონიამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოქალაქე გვიან ღამით შეიყვანეს.
„ვერ გეტყვით რუსმა ოკუპანტმა დაჭრა თუ ვინ დაჭრა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა იყო მარცხენა ბარძაყის არეში. მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი შემდგომი მკურნალობის მიზნით გადავიდა ქუთაისის კლინიკაში. ჩვენთან ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, ვინაიდან პაციენტი არის საკარანტინო სივრციდან, გადავიდა შესაბამის კლინიკაში. მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთიდან როცა არის პაციენტი, ითვლება როგორც საკარანტინო სივრცე, მას ემსახურება შესაბამისი კლინიკები და ეს არის დასავლეთ საქართველოში, ერთ-ერთი ქუთაისის," - განაცხადა სულხან ორჟონიამ.

























