ბათუმის საქალაქო სასამართლო თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 5 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

ბათუმის საქალაქო სასამართლო თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 5 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს.
როგორც ცნობილია ერთ-ერთი დაკავებული ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი იური ლომაძეა.
როგორც იური ლომაძის დედა თამუნა მორჩილაძე აცხადებს, მოქალაქე არავის არ გაუტაცია, ის იმ ოჯახში წაიყვანეს, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენა, რომ ბოდიში მოეხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულმა მოქალაქემ ტერიტორია ტაქსით დატოვა.
„არავის არ გაუტაცია და არც უძალადია. რა შუაშია სპორტი, არის ოჯახური კონფლიქტი“, - განაცხადა თამუნა მორჩილაძემ.
პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმეში ექსპერტის დასკვნა და მოწმეთა ჩვენებები დევს, რომლებიც ადასტურებს ბრალს და ბრალდებულები გამოძიებას ხუთი დღის განმავლობაში ემალებოდნენ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი პირი დააკავა. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

























