გიგი უგულავა ლანჩხუთის რაიონის სოფელ მოედანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ლანჩხუთის რაიონის სოფელ მოედნის მცხოვრებლებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, გიგი უგულავა ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლანჩხუთის რაიონის სოფელ მოედანში მცხოვრები მოსახლეობა ტურიზმის პრობლემაზე საუბრობს.
გიგი უგულავას განცხადებით, სოფელ მოედანში არსებული კანიონის მოწყობა აუცილებელია ტურისტების მოსაზიდად, რომ მოსახლეობამ შემოსავლის წყარო მიიღოს.
„ჩვენ ვიმყოფებით ლანჩხუთის რაიონის სოფელ მოედანში, სადაც არის ძალიან ლამაზი კანიონი. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის პირობებში, სულ მცირე, არამარტო ერთი სოფელი, არამედ რამდენიმე სოფელი გაცოცხლდება მაშინ, როდესაც ტურისტები დაიძრებიან, - განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, უკვე ასეთ ვითარებაშიც, როდესაც არ არის ინფრასტრუქტურა მოწყობილი, საკმაოდ მაღალია ტურისტების დაინტერესება ამ ადგილით.
„ახლა მთავარია ბრენდირება და გაკეთება ამ ყველაფრის“, - აღნიშნა უგულავამ
მისი განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ ადგილზე დაიწყოს ინფრასტრუქტურის განვითარება, ხელშეწყობა, გზის გაკეთება და კეთილმოწყობა, პასუხად ისმის - „ტურისტი პრეზიდენტი, რომელიც დასეირნობს და თითქოს პოპულარიზაციას უკეთებს, არადა საკუთარ ქვეყანას ეცნობა“.
„მიდგომა, რომ სოფელს უხდება ოღრო-ჩოღრო, დაცინვაა, ასეთი რამე არ შეიძლება იმიტომ, რომ ინფრასტრუქტურის მოყვანა, მარტო ლამაზი ადგილის ნახვას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ტურისტი რომ მოვა, ორ კაპიკს დახარჯავს და ადამიანები დამატებით შემოსავალს მიიღებენ. ამის პრაქტიკა უკვე გვაქვს, იგივე ხონის რაიონში, მარტვილის რაიონში, ამიტომ აპრობირებულია ეს გზა და მეტი გულისყურია საჭირო“, - განმარტავს უგულავა.
გიგი უგულავას განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ თითქოს წყლის ინფრასტრუქტურა ეწყობა, ადგილზე წყალი არ არის, „მთავარი პრობლემა კი საქართველოს ხელისუფლების მიერ დაკეტილი საზღვარია, რის გამოც ადგილობრივები თურქეთში გადასვლასაც ვერ ახერხებენ, რათა იმუშაონ სეზონურ სამუშაოზე“.
„ეს პრობლემა თუ არ მოგვარდა, უბრალოდ ჩვენ შეიძლება შიმშილის ზღვარზე აღმოვჩნდეთ და ყველაფერი უკან დაგვრჩეს. აი ეს მდგომარეობაა დღეს გურიაში“, - ამბობს უგულავა და განმარტავს, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს საზღვრის გახსნა.
„უნდა გვესმოდეს, რომ ვერანაირი დახმარებით იმ თანხას ვერ შეავსებენ, რა თანხაც ადამიანებს სჭირდებათ საარსებოდ, რასაც თავისი შრომით და ოფლით მოიპოვებენ, ამჯერად საზღვარგარეთ. აქ ვერ ვაძლევთ სამუშაოს და სხვაგან მაინც გავუშვათ. ასეთი უბედურება და ასეთი უთავბოლობა უბრალოდ წარმოუდგენელია“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

























