გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ 400-მდე ოჯახს ახალი სასმელი წყლის სისტემა მოემსახურება

წედისში, ბნავწედისში, ბნავისსა და ოლოზში მცხოვრებ 400-მდე ოჯახს მალე ახალი სასმელი წყლის სისტემა მოემსახურება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების შესყიდვის მიზნით მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის სატენდერო ღირებულება 1 181 550 ლარია.
“მოეწყობა სათავე ნაგებობა, ინდივიდუალური რეზერვუარები, საქლორატორო, შიდაგამანაწილებელი ქსელი და ინდივიდუალური მრიცხველები. ამ ეტაპზე, სამივე სოფელს გაუმართავი და მოძველებული სასმელი წყლის სისტემა ემსახურება, რის გამოც ადგილობრივებს წყალი შეფერხებით მიეწოდებათ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























