ლადო მგალობლიშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოს "განათლების ხელშეწყობის" შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა

ლადო მგალობლიშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოს "განათლების ხელშეწყობის" შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა, უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე, ,,განათლების ხელშეწყობის’’ შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი წარადგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ინიციატივა კანონმდებლებმა პირველი მოსმენით მიიღეს.

„ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, აჭარის ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, უმაღლეს საბჭოს დარგობრივი მიმართულებით ნორმატიული აქტების მიღების შესაძლებლობა მიეცა. კანონპროექტის მიზანი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების სფეროში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების, ზოგადი პროფესიული და უმაღლესი განათლების, ასევე სახელოვნებო და არაფორმალური განათლების, სკოლისგარეშე სასპორტო და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა-მხარდაჭერა და განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაა. ამასთან, საკანონმდებლო დონეზე იქმნება ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს ზემოთ აღნიშნული მიმართულებების საკანონმდებლო მხარდაჭერას. ეს განათლების სფეროში ლადო მგალობლიშვილის რიგით მეოთხე საკანომდებლო ინიციატივაა მეოთხე მოწვევის უმაღლეს საბჭოში. მანამდე წარდგენილი ორი ინიციატივა, რომლებიც 2017-2020 წლებში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა, ითვალისწინებდა ავტონომიური რესპუბლიკებისთვის საჯარო სკოლებში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმების დელეგირებას და სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლებამოსილების მინიჭებას შესაბამისი სამინისტროებისთვის. განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ლადო მგალობლიშვილის კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ,,ქონების მართვისა და განკარგვის’’ შესახებ აჭარის კანონში ცვლილებას ითვალისწინებდა და განათლების პროგრამების ეფექტურად განხორციელებას ისახავდა მიზნად, აჭარის უმაღლესმა საბჭომ მიიღო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.