8 პარტია აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართავს

აჭარაში მოქმედი 8 პოლიტიკური პარტია, აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართავს და მოითხოვს, რომ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს დათხოვნის პროცედურებში დეპუტატებმა მიიღონ მონაწილეობა.
როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია აბულაძე აცხადებს, მრჩეველთა საბჭოს იმპიჩმენტის დასაწყებად უმაღლესი საბჭოს 6 დეპუტატის ხელმოწერა უკვე არის და პროცედურების დასაწყებად 7 ხმა არის საჭირო. გია აბულაძე დეპუტატებს - ცოტნე ანანიძეს, ნინო ჩხეტიას და მერაბ ბლადაძეს მოუწოდებს, რომ იმპიჩმენტის დოკუმენტს ხელი მოაწერონ, რადგან აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს და პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს.
"განაცხადზე ექვსი ხელმოწერა გვაქვს, რომელიც ეხება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს დათხოვნას, რადგან თავის უფლება-მოვალეობას არ ასრულებს. ჩვენ მივმართეთ უმაღლეს საბჭოს, რომ დროულად დააფიქისირონ თავის პოზიცია და მოაწერონ ამ განცხადებას ხელი, სხვა შემთხვევაში ისინი თანამონაწილე პასუხისმგებელი იქნებიან პროცესებზე. შვიდი დეპუტატის ხმა არის საჭირო,რომ საკანონმდებლო ორგანოში მრჩეველთა საბჭოს დათხოვნის პროცედურა დაიწყოს. ეს არის თითოეული დეპუტატის პასუხისმგებლობა და შემდეგ იმპიჩმენტისთვის 13 ხმაა საჭირო. განსაკუთრებით მინდა მივმართო, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს, ანუ ყოფილ ჟურნალისტებს - ცოტნე ანანიძეს, ნინო ჩხეტიას და მერაბ ბლადაძეს თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ, ასევე იმ დეპუტატებს მოვუწოდებ, რომლებიც მესამე სექტორიდან იყვნენ",- განაცხადა გია აბულაძემ.

























