სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის ხელმძღვანელობას შეხვდა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის ხელმძღვანელობას შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინიტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა სამუშაო შეხვედრაზე, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის გაწეული დახმარების საკითხი განიხილეს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულმა, უშუალოდ სამსახურის ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციისას გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების, სოციალური და სხვა ტიპის სერვისების შესახებ, რომლებსაც მუნიციპალიტეტის მერია ცალკეულ მოწყვლად ჯგუფებს სთავაზობდა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ მხარის რწმუნებულმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე მოინახულა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მსგავს შეხვედრებს გამართავს და არსებულ პრობლემებს პირადად გაეცნობა.

























