აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ადმინისტრაცია საზოგადოება „მე მიყვარს ბათუმის" წევრის ალექსანდრე მილორავას შიმშილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ადმინისტრაცია საზოგადოება „მე მიყვარს ბათუმის" წევრის ალექსანდრე მილორავას შიმშილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ადმინისტრაცია საზოგადოება „მე მიყვარს ბათუმის" წევრის ალექსანდრე მილორავას შიმშილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც არხის კადრების განყოფილების უფროსი ემზარ პაქსაძე აცხადებს, ალექსანდრე მილორავა პარტია „ევროპული საქართველოს" წევრია და იგი 2017 არჩევნებში კენჭს ამავე პარტიიდან იყრიდნენ.

ემზარ პაქსაძის ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიის წინ მიმდინარე აქცია პოლიტიკურად მართულია.

ემზარ პაქსაძემ ბრიფინგზე ალექსანდრე მილორავა ოპოზიციის წევრებთან გადაღებული ფოტო წარმოადგინა.

„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, სამწუხაროდ იძულებულია გამოეხმაუროს პოლიტიკურ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრების გუშინდელ განცხადებას, აქციის მონაწილე ალექსანდრე მილორავასა და შოთა ცაავას შესახებ, სადაც მათ მოუწოდეს მაუწყებელს თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან.

მათი განცხადებით, ალექსანდრე მილორავამ და შოთა ცაავამ 10 თვის წინ (2019 წლის აგვისტოში) დატოვეს პარტია. გვსურს შევახსენოთ საზოგადოებას თავად ალექსანდრე მილორავას მიერ, რამდენიმე დღის წინ გაკეთებული სატელევიზიო განცხადება, რომ აღნიშნული პარტია მან და შოთა ცაავამ დატოვეს 3 წელის წინ! ბუნებრივია ისმის კითხვა, მათ შორის, ვინ და რისთვის ტყუის? ღია წყაროებით, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია, აღმოჩნდა, რომ ორთავე განცხადება ჩვეულებრივი სიცრუეა, ვინაიდან ალექსანდრე მილორავა და შოთა ცაავა დღესაც არიან ,,ევროპული საქართველოს“ მოქმედ პარტიულ, საკრებულოს სიაში, საარჩევნო კოდექსის თანახმად კი პარტიულ სიას აქვს იგივე ვადა, რაც თავად საკრებულოს.

მაუწყებლი ერთნაირად სცემს პატივს ყველა პოლიტიკურ პარტიას და მათ წარმომადგენლებს და იგი სრულად განახორციელებს თავის კანონიერ ვალდებულებას ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფის მიმართ, თუმცა აქვე შეგახსენებთ, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონი პირდაპირ უკრძალავს მესამე პირებს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, რაიმე სახის ზემოქმედებას მაუწყებლის თანამდებობის პირებზე და თანამშრომლებზე. კანონის მიხედვით საზოგადოებრივი მაუწყებელი არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან, მაუწყებელზე ზემოქმედება დაუშვებელია, ხოლო ზემოქმედების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ბათილი.

საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავაც და ყოველთვის მზადაა შევხვდეს დაინტერესებულ პირებს, კითხვების შემთხვევაში, წარვუდგინოთ მათ ყველა ჩვენი გადაწყვეტილების დასაბუთება, პასუხი გავცეთ და ვიმსჯელოთ საპირისპირო არგუმენტებსზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. აქვე, მივმართავთ სახალხო დამცველს და მედიაორგანიზაციებს, გამოხატონ მკაფიო პოზიცია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევისა და ზეწოლის მიუღებლობაზე, რათა დაცული ვიქნეთ პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ ორკესტრირებული შეტევისგან",- განაცხადა ემზარ პაქსაძემ.