მარნეულის სოფელ მარეთში 40 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთში, ინფიცირებული ოჯახის ახლო კონტაქტებიდან და თანამშრომლებიდან ,,კოვიდ-19“-ზე აღებული ბიოლოგიური მასალების კვლევის შედეგების თანახმად, ინფიცირების ახალი ფაქტი არ დადასტურდა.
როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, გუშინ ლაბორატორიაში გამოსაკვლევად 40 პირის ბიოლოგიური მასალა იქნა გადაგზავნილი და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა, ეპიდემიოლოგები იზოლაციაში მყოფი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს აქტიურად განაგრძობენ.
,,გუშინ სოფელ მარეთში ახლო კონტაქტებიდან და თანამშრომლებიდან აღებული 40 საკვლევი მასალის ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით, კოვიდ-19-ზე ყველა უარყოფითია, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ აღნიშნული კლასტერიდან, ვირუსის გავრცელება ჯერ გარეთ არ მომხდარა. თუმცა პროცესი გრძელდება, ყველა კონტაქტი თვითიზოლაციაშია და ჩვენი ეპიდემიოლოგები აქტიურად ადევნებენ თვალყურს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთში მცხოვრები ოჯახის სამ წევრს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კორონავირუსი 1-ელ ივნისს დაუდასტურდა. მათი ახლო კონტაქტების კვლევის შედეგად კი გუშინ, ,,კოვიდ-19“ აღნიშნული ოჯახის კიდევ ორ წევრს, კერძოდ შვილებს დაუდგინდათ. სოფელ მარეთში, ამ დროისთვის კოვიდინფიცირების 5 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

























