საზოგადოება "მე მიყვარს ბათუმის” წარმომადგენელი აჭარის ტელევიზიის სამეურვეო საბჭოში "ევროპული საქართველოს" კვოტით წარდგენილ წევრს "ოცნებასთან" გარიგებაში ადანაშაულებს

საზოგადოება "მე მიყვარს ბათუმის” წევრი ალექსანდრე მილორავა აჭარის ტელევიზიის სამეურვეო საბჭოში პარტია "ევროპული საქართველოს" კვოტით წარდგენილ თამარ წილოსანს "ქართულ ოცნებასთან" გარიგებაში ადანაშაულებს. როგორც მან განაცხადა, აჭარის ტელევიზიის დირექტორის გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის დასაწყებად ორი ხმაა საჭირო და " ნაციონალური მოძრაობის" კვოტით წარდგენილი გია ქარცივაძე იმპიჩმენტის დასაწყებად მზად არის, თუმცა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი თამარ წილოსანი პროცესებში არ ერთვება.
„ უკვე 6 დღეა ვშიმშილობ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით, ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებას ბორდის 2 წევრის ინიცირება სჭირდება. ბორდში ენმ-ს კვოტით შესულმა წევრმა გია ქარცივაძემ პირველივე დღეს გამომიცხადა მხარდაჭერა და დამიდასტურა მზადყოფნა. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის პეტრე ზამბახიძის კადრი თამარ წილოსანი დღემდე დუმს და პოზიციას არ აფიქსირებს, რაც კოხრეიძისა და ხელისუფლების წისქვილზე წყალს ასხამს. მინდა აღვნიშნო, რომ ნათია კაპანაძის წინააღმდეგ შეთქმულებაში სწორედ ზამბახიძის კადრი გაურიგდა „ოცნების“ წარმომადგენელს და გადააყენეს ხელისუფლებისთვის არასასურველი დირექტორი. მას შემდეგ, რაც შიმშილობა გამოვაცხადე, ზამბახიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ხდის ნათელს პეტრე ზამბახიძის კოლაბორაციას „ქართულ ოცნებასთან“. მივმართავ „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს, დაადასტურონ ჩემი მოთხოვნების ლეგიტიმურობა და დაარწმუნონ მათი წარმომადგენელი დღესვე დააყენოს მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი, ან გაემიჯნონ პეტრე ზამბახიძესა და თამარ წილოსანს",- განაცხადა ალექსანდრე მილორავამ.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე მილორავა მეექვსე დღეა არხის შენობასთან შიმშილობს. იგი აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს. მას მიაჩნია, რომ დირექტორი დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს, არხიდან თანამშრომლებს დევნის. აჭარის ტელევიზიის სამეურვეო საბჭო 5 წევრისგან შედგება: სამი "ქართული ოცნების" , ხოლო ორი ოპოზიციის მიერ წარდგენილი კვოტებია.

























