დავით გაბაიძე მომავალ მედიკოსებს - ჩვენი ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა და ამაში თქვენი წვლილიცაა

დავით გაბაიძე მომავალ მედიკოსებს - ჩვენი ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა და ამაში თქვენი წვლილიცაა

დღეს მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენი ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა და ამაში თქვენი წვლილიცაა - ურთულეს ბრძოლაში რისკის ფასად ჩაებით და საზოგადოება აფასებს ამ თავდადებას, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საკანონმდებლო ორგანოში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული სტუდენტების დაჯილდოებისას განაცხადა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, მომავალ მედიკოსებს, რომლებიც პანდემიის დროს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, საკარანტინო ზონებსა და კლინიკა „მედალფაში“, პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებებში მოხალისეებად მონაწილეობდნენ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, ჯანრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ „მადლობის სიგელები“ გადასცეს.

ახალგაზრდებს მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ და აღნიშნა, რომ სტუდენტების აქტიური ჩართულობა რეგიონის „მწვანე ზონად“ გამოცხადებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.

„თქვენ სამედიცინო კარიერა დაიწყეთ ისეთი ურთულესი მოვლენის დროს, როგორიც პანდემიაა. თაობები მიდიან ისე, რომ მათ არ ჰქონიათ შეხება მსგავს გამოწვევასთან. საქართველომ მსოფლიოს უჩვენა მასტერკლასი უცნობ ვირუსთან ბრძოლაში და შედეგიც სახეზეა -დაავადებულთა და გარდაცვლილთა აბსოლუტურად მინიმალური რაოდენობა. ყველა თქვენგანი გმირია“, - განაცხადა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ.

მათივე ინფორმაციით, კანონმდებლებმა, პანდემიასთან მებრძოლ მოხალისეებს, სიგელებთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია გადასცეს და უმაღლესი საბჭოს შენობა დაათვალიერებინეს. ღონისძიება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით გაიმართა.