იმერეთის განვითარების ცენტრმა ბაღდათის, ზესტაფონის და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების მეორე ეტაპი დაიწყო

იმერეთის განვითარების ცენტრმა ბაღდათის, ზესტაფონის და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში 515 მრავალშვილიანი ოჯახისთვის დახმარების მეორე ეტაპი დაიწყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, აღნიშნულ ოჯახებს საკვებს და პირადი/ოჯახის ჰიგიენის საშუალებებს დღეიდან სახლში მიუტანენ.
დღეს ღონისძიებაში იმერეთის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ჩხობაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძემ მიიღეს მონაწილეობა.
"იმერეთის განვითარების ცენტრმა რთულ მდგომარეობაში მყოფ მოწყვლად და მიუსაფარ ოჯახებს დახმარება მარტში ერთხელ უკვე გაუწია, დღეიდან კი მეორე ეტაპი დაიწყო.
ორგანიზაცია ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მსგავსი საკვები და პირადი/ოჯახის ჰიგიენის პაკეტით 35 ახალ ოჯახსაც დაეხმარება" , - ნათქვამია ინფორმაციაში.

























