შოთა რეხვიაშვილი - სოფელ მარეთში სამივე ინფიცირებულის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს - ამ ეტაპზე, მარნეულში შეზღუდვების ხელახლა დაწესების საჭიროება არ არის

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთში დაფიქსირებული სამივე ინფიცირებულის კონტაქტების კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე, მარნეულში შეზღუდვების ხელახლა დაწესების საჭიროება არ არის, - ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისივე განცხადებით, „კოვიდ-19"-ით ინფიცირებულები, სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტთან ახლოს ცხოვრობენ და იქვე იყვნენ დასაქმებულები.
,,მარნეულში, გუშინ ერთ ოჯახში დაფიქსირდა სამი დადასტურებული ფაქტი კოვიდინფექციის. ესენი არიან სადახლოს საბაჟოს ტერიტორიაზე სოფელ მარეთში მცხოვრებლები და ფაქტობრივად, სამსახურიც იქ აქვთ ამ ხალხს. დღეს სრული მასშტაბით ტარდება მჭიდრო კონტაქტების დადგენა, ოჯახი გადაყვანილია სამკურნალო დაწესებულებაში. იმედი მაქვს, რომ გავრცელება არ იქნება დიდი. ამ წუთისთვის მარნეულში რაიმე ისეთი საგანგაშო და ხელახლა რაიმე მასშტაბური შეზღუდვების დაწესების საჭიროება არ განიხილება“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.
გუბერნატორის თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ფაქტობრივად თითოეული მოსახლის გამოკვლევა მოხდა, ბოლო დადასტურებული 18 შემთხვევის კონტაქტები მოძიებულია და ისინი კარანტინში არიან გადაყვანილი. რაც შეეხება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს, იქ 21 მაისიდან დღემდე ინფიცირების ახალი ფაქტი არ დაფიქსირებულა და შესაძლოა, კარანტინის რეჟიმი მუნიციპალურ ცენტრში ხუთშაბათს მოიხსნას.
„თეთრიწყაროში ბოლო დადასტურება იყო 21 მაისს იყო, ორკვირიანი საინკუბაციო ვადა იწურება 4 ივნისს. ჩვენ ვთქვით, რომ ამ კვირაში იწურება ეს ვადა და თუ ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ თეთრიწყაროში შეზღუდვები მოიხსნება“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

























