თორნიკე რიჟვაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტს შეხვდა

თორნიკე რიჟვაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტს შეხვდა.როგორც “ინტერპრესნიუსს” აჭარის მთავრობიდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრაზე დისტანციური სწავლების მიმდინარეობა და ხარისხი განიხილეს, ისაუბრეს პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებზე.

“აღსანიშნავია, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები მუშაობდნენ კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან. თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, აკადემიური წრეების ჩართულობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო აღჭურვის პარალელურად მომზადდება, როგორც საუნივერსიტეტო კლინიკა.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აჭარის მთავრობის ხელშეწყობით არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა - გაიხსნა ევროპული სტანდარტების, 200 სტუდენტზე გათვლილი ახალი საცხოვრებელი, ექსპლუატაციაში შევიდა თანამედროვე ციფრული ტექნიკით აღჭურვილი სინქრონული თარგმანის ლაბორატორია, აშენდა ფიტოპათოლოგიის და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტი.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურული პროექტების დინამიკა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში არ უნდა შეიქმნას შეფერხებები.

შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი და უნივერსიტეტის რექტორი ესწრებოდნენ.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეპიდემიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით წარმატებით მიმდინარეობს ელექტრონული სწავლება, მოქმედებს ელექტრონული პლატფორმა.

მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის არც ერთ სტუდენტს პანდემიის პერიოდში გადაუხდელობის გამო, არ შეჩერებია სტუდენტის სტატუსი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.