ალექსანდრე მოწერელია - ყველა ის ადამიანი, ვინც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზს მიღმა, იზეიმებს იმ დღეს, როცა ეს სამარცხვინო ხაზი გაქრება ჩვენს ტერიტორიაზე

ალექსანდრე მოწერელია - ყველა ის ადამიანი, ვინც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზს მიღმა, იზეიმებს იმ დღეს, როცა ეს სამარცხვინო ხაზი გაქრება ჩვენს ტერიტორიაზე

საოკუპაციო ზოლთან შექმნილ მდგომარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია გაეცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს, ალექსანდრე მოწერელია, ასევე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაესაუბრა.

”დღეს, ჩვენ ყველანი ვართ მოწმე იმ სამარცხვინო პროცესის, რასაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი რუსეთი სამწუხაროდ, ეწევა ჩვენს შიდა ტერიტორიაზე. საქართველო არის ერთიანი სახელმწიფო, აფხაზეთი კი არის მისი განუყოფელი ნაწილი, აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები არიან საქართველოს მოქალაქეები და არ არიან ისინი რუსეთის ,,მზრუნველობის“ ქვეშ - არ სჭირდებათ მათ არანაირი მზრუნველობა, ვინაიდან ჩვენ, საქართველო ჩვენი მოქალაქეების მიმართ ვიჩენთ პასუხისმგებლობას და ყველას ჩვენივე სახელმწიფოში აქვს თავისუფალი როგორც გადაადგილების, ასევე მოქმედების უფლება. ასევე მინდა აღვნიშნო ისიც რომ, დღეს როდესაც უჭირს მთელ მსოფლიოს ამ ეპიდემიასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ თითოეული მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზს მიღმა მივიღოთ, ვუმკურნალოთ, შევიფაროთ, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ის სამარცხვინო პროცესი, რაც დღეს მიდის და აქ - ცვლიან ასე ვთქვათ დამპალ ბოძებს, ისევე დალპება ეს ბოძები ძალიან მალე და ამ საოკუპაციო სამარცხვინო ხაზსაც ისივე მალე ჩვენ ვერ ვიხილავთ, როგორ ვერ ვიხილავთ იმას, რომ რუსეთი ეწევა თავის სანუკვარ მიზანს საქართველოს გახლეჩვის და გაყოფის. ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს მოქალაქეები, ერთი წუთითაც ეჭვი არ შეგვაქვს იმაში, რომ საქართველოს გამთლიანება იქნება ძალიან მალე! ჩვენ ვიქნებით ამის მოწმე, თანამონაწილე და ყველა ის ადამიანი ვინც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზს მიღმა, ვისაც დღეს ეკრძალება თავის თანამოძმეებთან ურთიერთობა, ყველა ეს ადამიანი იზეიმებს იმ დღეს, როდესაც ეს სამარცხვინო ხაზი გაქრება ჩვენს ტერიტორიაზე - როგორც აფხაზეთში, ასევე სამაჩაბლოში! ამის მოწმენი ჩვენ ძალიან მალე ვიქნებით! ამდენად, ჩვენი პასუხი ამ აგრესიის მიმართ, არის ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ხაზს ევროპისკენ, იქ სადაც ჩვენი უსაფრთხოება უფრო მეტად არის გარანტირებული“ , - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციასთან დაკავშირებით, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართების შეცვლა და დამატებითი უკანონო ინსტალაციების აღმართვა.