რუსთავსა და უკრაინის ქალაქ კრივოი-როგს შორის, დამეგობრების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

ქალაქ რუსთავსა და უკრაინის ქალაქ კრივოი-როგს შორის, დამეგობრების შესახებ ოფიციალური შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მეგობრობის შესახებ ოფიციალურ შეთანხმებას, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და კრივოი-როგის მერმა იური ვილკულმა ონლაინ კონფერენციაზე მოაწერეს ხელი.
კონფერენციაზე საუბარი შეეხო კორონა-ვირუსის გამო საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გეგმები დასახეს და სამომავლო ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ონლაინ კონფერენციაზე დეტალურად იქნა განხილული კრივოი-როგს, ჟოდინოსა და რუსთავს შორის შემდგომი საერთაშორისო თანამშრომლობის გეგმები და პროექტები.
,,გასულ წელს, ოფიციალური მიწვევით ვიმყოფებდით კრივოი როგში, სადაც ევროპის დღეები აღინიშნებოდა. რუსთავსა და კრივოი-როგს შორის დამეგობრების განზრავის დოკუმენტს სწორედ გასულ წელს მოეწერა ხელი. წელსაც ვიყავით მიპატიჟებულები კრივოი-როგში ევროპის დღეების აღსანიშნავად და დამეგობრების შესახებ ოფიციალური მემორანდუმის გასაფორმებლად. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ბუნებრივია ვერ მოხერხდა გამგზავრება კრივოი-როგში.
ქალაქის მერის ინიციატივით მოხდა დისტანციურად ჩართვა დამეგობრებულ ქალაქებთან, მათ შორის რუსთავთან და დღეს ოფიციალურად მოეწერა ხელი ქალაქ რუსთავისა და კრივოი-როგის დამეგობრების შესახებ მემორანდუმს. ვიდეო კონფერენციაზე განვიხილეთ კორონა-ვირუსის პანდემიის პირობებში ჩვენს ქალაქებში არსებული ვითარება, ერთმანეთს გავუზიარეთ დისტანციური მართვის გამოცდილებება. მე იმედი მაქვს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, უკვე გვექნება დამეგობრებულ ქალაქებთან შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებით, კონკრეტული სტრატეგიული განვითარების გეგმა,“ - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
რუსთავისა და კრივოი-როგის მერებთან ერთად, ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ბელორუსის ქალაქ ჟოდინოს საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე დმიტრი ზაბოლოცკი, პოლონეთის ქალაქ ლუბლინის მერის მოადგილე არტურ სიმჩიკი, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კონსულის მოადგილე დონეცკში პეტერ შმალი.

























