არჩილ ჯაფარიძე - პანდემიის პირობებში, სახელმწიფოს მხრიდან გლეხისთვის მხარდაჭერის გამოცხადება ბევრს დააფიქრებს იმ სიკეთეებზე, რაც სოფელს უკავშირდება

სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან ერთად, ცაგერში მცხოვრებ ფერმერს ამირან ხეცურიანს შეხვდა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, ფერმერი მეხუთე წელია, საკუთარ მიწაზე ქერისა და სიმინდის ყანებს ამუშავებს.
„წლების წინ ფერმერმა მისი აღდგენა გადაწყვიტა და დასახულ მიზანსაც, სახელმწიფოს დახმარებით, მალევე მიაღწია. ქერის მოსავლის მოყვანა ლეჩხუმისთვის უძველესი და მივიწყებული ტრადიციაა. არჩილ ჯაფარიძე ფერმერს მთავრობის მიერ გაჟღერებული ინიციატივის შესახებ გაესაუბრა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებას რეგიონში დიდი პერსპექტივა აქვს. მისი თქმით, პანდემიის პირობებში, სახელმწიფოს მხრიდან გლეხისთვის მხარდაჭერის გამოცხადება კი ბევრს დააფიქრებს იმ სიკეთეებზე, რაც სოფელს უკავშირდება. როგორც თავად ამირანი ხეცურიანი აღნიშნავს, მოსავალს ორჯერ იღებს – გაზაფხულზე ქერს, შემდეგ თესავს სიმინდს, შემოდგომაზე სიმინდს და ისევ ქერს. მან სახელმწიფოს დაფინანსებით ტექნიკა შეიძინა, მოსავლის უმეტეს ნაწილს საკუთარი მეურნეობისთვის იყენებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























