არჩილ ჯაფარიძე და გოჩა ენუქიძე ახალგაზრდა მეფუტკრის საქმიანობას გაეცნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს

არჩილ ჯაფარიძე და გოჩა ენუქიძე ახალგაზრდა მეფუტკრის საქმიანობას გაეცნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს

სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან ერთად, ახალგაზრდა მეფუტკრის, 24 წლის მარიამ ბენდელიანის საქმიანობას ადგილზე გაეცნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, მარიამის მამამთილი წლებია მეფუტკრეა და ეკოლოგიურად სუფთა თაფლს აწარმოებს. სწორედ ეს გახდა ახალგაზრდა ქალისთვის მოტივაცია და მანაც მეფუტკრეობას მიჰყო ხელი.

„წარმოების გაფართოების მიზნით, 2018 წელს, სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ გამოცხადებულ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. იქიდან მიღებული ფინანსური დახმარებით სპეციალური დანადგარები: ციბრუტი, თაფლის შესარევი მექანიზმი და დოზადორი შეიძინეს. თაფლის მცირე საწარმოს “ანი – მარი“ დაარქვეს.

ამჟამად, 50 ოჯახი სკა ჰყავს, ყოველწლიურად 800 კილოგრამამდე თაფლს აწარმოებენ.

როგორც მარიამი აღნიშნავს, სახელმწიფოს მხრიდან სოფელში მაცხოვრებელ ადამიანს მაქსიმალური ხელშეწყობა აქვს და თუ მოინდომებს, აუცილებლად ყველაფერი გამოვა.

არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, მეფუტკრეობის და ზოგადად სოფლის მეურნეობის განვითარებას რეგიონში დიდი პერსპექტივა აქვს, ამ პანდემიის პირობებში კი გლეხისთვის დიდი სტიმულია პრემიერ მინისტრის და მთავრობის მიერ გაჟღერებული ინიციატივა სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.