„ნაცმოძრაობის“ წევრი - აჭარაში ყველა კომლს სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერი უნდა გადაეცეს, მიუხედავად იმისა, მიწის ნაკვეთი აქვს თუ არა რეგისტრირებული

აჭარაში ყველა კომლს სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერი უნდა გადაეცეს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა ბონდო თედორაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, აჭარაში მოსახლეობას მიწის ნაკვეთების 90 პროცენტი დაურეგისტრირებელი აქვს და პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინიციატივა აჭარის რეგიონთან მიმართებაში დასახვეწია.
"გუშინ ბიძინა ივაბიშვილის მთავრობამ დაანონსა მორიგი საარჩევნო პროგრამა, რომლითაც თითქოს ის აპირებს ფერმერებზე სასოფლო-სამეურნეო 200-ლარიანი ვაუჩერის გადაცემას, რისთვისაც გამოიყო 37 მილიონი ლარი. მივმართავ, კაბინეტში მყოფ გიორგი გახარიას, რომ 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რეგისტრაციაში აჭარის მოსახლეობის 90%-ს არ გააჩნია და შესაბამისად, არარეგისტრირებულ ნაკვეთზე, ფერმერი ვერ მიიღებს ვერც ერთ თეთრს ხელისუფლებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა მიწების რეგისტრაციის რეფორმას, დღემდე აჭარაში მიწის ნაკვეთების უმრავლესობა დაურეგისტრირებელია. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ : გადაეცეს სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერი ყველა კომლს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ნაკვეთები რეგისტრირებული; 200 ლარიდან დაფინანსება გაიზარდოს 400 ლარამდე, რისი საშუალებაც არსებობს ბიუჯეტში; დაევალოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, სწორი და ადეკვატური ინფორმაციის მიტანა ცენტრალურ ხელისუფლებამდე, რადგან არსებული ანტიკრიზისული გეგმა ვერ უზრუნველყოფს აჭარის რეგიონის ფერმერთა უმრავლესობის კეთილდღეობას, მიუხედავად ამისა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში არ გამოჩნდა პასუხისმგებელი პირი, ვინც ეტყოდა გახარიას, რომ პროგრამა არის დასახვეწი, რადგან ის აჭარის რეგიონში მცხოვრებ ფერმერერებზე არ არის მორგებული",- განაცხადა ბონდო თედორაძემ.

























