ფოთის ჰოსპიტალის ბოქსირებულ პალატებში 5 პაციენტია მოთავსებული, რომელთა შორის 2 ბავშვია

ფოთის ,,ცხელების კლინიკაში“ მოთავსებულ სამ პაციენტს ლაბორატორიული კველივის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. სამივე მათგანს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა.
„გუშინ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გაიგზავნა სამი ანალიზი. ესენი არიან 25 წლის ქალი და 24 წლის მამაკაცი ფოთიდან, ასევე 30 წლის ქალი ოზურგეთიდან. ლაბორატორიაში, ჩატარდა „პისიარ“ კვლევა, საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა. სამივე პაციენტს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.
მისივე ინფორმაციით , ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ პალატებში ხუთი პაციენტია მოთავსებული და მათ შორის 2 ბავშვია. მისივე თქმით, მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა.
„ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან 65 და 67 წლის ქალები და 71 წლის მამაკაცი ფოთიდან, ასევე, ერთი და სამი წლის გოგონები ურეკიდან. ყველა მათგანს აღენიშნება ცხელება. უკვე მოხდა მათი დატესტვა და ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისათვის“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

























