ფოთის „ცხელების კლინიკაში“ 4 პირს, რომელთა შორის 8 თვის ბავშვია, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის ,,ცხელების კლინიკაში“ 4 პირს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მათ შორის ერთი 8 თვის ბავშვია. ყველა მათგანს ცხელება, ყელის ტკივილი და ხველა აღენიშნებოდა.
„ოთხივე პაციენტის პასუხი უარყოფითია. ესენი არიან : 8 თვის გოგონა, 71 წლის მამაკაცი, 32 წლის ქალი ფოთიდან და 66 წლის კაცი ოზურგეთიდან. პაციენტების ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში გუშინ გაიგზავნა. ამ დროისთვის კლინიკაში ახალი პაციენტები არ გვყავს“,- განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.
ამასთან, ,,კოვიდ 19“-ზე კვლევა ჩაუტარდა მებაჟეებს, ფარმაცევტებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის თანამშრომლებს. ლუგარის ლაბორატორიაში 38 ნიმუში იყო გაგზავნილი და ყველა პასუხი უარყოფითია.
,,ლაბორატორიაში გაგზავნილი ყველა ანალიზის პასუხი საბედნიეროდ უარყოფიათია. აღნიშნული ღონისძიება პრევენციული ხასიათისაა. კვლევა გეგმურია და გაგრძელდება,“- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

























