დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი - თუ საგარეჯოში მოძიებული კონტაქტების პასუხი უარყოფითი იქნება, ჩაითვლება, რომ მედდის შემთხვევა კახეთს კი არა, გარე წყაროს უკავშირდება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი - თუ საგარეჯოში მოძიებული კონტაქტების პასუხი უარყოფითი იქნება, ჩაითვლება, რომ მედდის შემთხვევა კახეთს კი არა, გარე წყაროს უკავშირდება

თუ ყველა კონტაქტი, რომელიც ჩვენ საგარეჯოში მოვიძიეთ, უარყოფითი იქნება, ჩაითვლება, რომ საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მედდის შემთხვევა კახეთის შემთხვევა არ არის და ის გარე წყაროსთანაა დაკავშირებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, მედდის შემთხვევა მიზნობრივი ტესტირებისას გამოვლინდა, შესაბამისად, ადრეულ სტადიაზევე მოხდა მისი აღმოჩენა და კონტაქტების წრეც პატარაა. ამასთან, ხიზანიშვლი აცხადებს, რომ კორონავირუსი მედდის ოჯახის კონტაქტებსა და მეუღლეს არ აღმოაჩნდა.

„საგარეჯოს დადასტურებულ შემთხვევასთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ გამოკვლეული იქნა ყველა კონტაქტი - 9 საოჯახო და 30 სამედიცინო კონტაქტი. სამედიცინო დაწესებულების ვიდეოკამერებიდან ამოღებული ვიდეომასალის საფუძველზე, კონტაქტების წრე შემცირდა. დღევანდელი მონაცემებით, კონტაქტების რაოდენობა სულ გახლავთ 16, მათ შორის 9 საოჯახო და 7 სამედიცინო. გუშინ, ბოჭორიშვილში 21 ნიმუში იქნა აღებული და ჯერჯერობით მათი პასუხი არ გვაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ვისი პასუხიც მივიღეთ - საოჯახო კონტაქტებს ვგულისხმობ, მათ შორის, მეუღლის ტესტზე პასუხი უარყოფითია, კონტაქტების მოძიება აღარ გრძელდება, ვინაიდან გუშინ მაქსიმალურად იქნა ყველა კონტაქტი მოძიებული, ყველა კონტაქტი მკაცრ თვითიზოლაციაშია. ასევე კვლევები მიმდინარეობს ბოჭორიშვილის კლინიკაშიც, წყარო ფაქტობრვად დადგენილია. აღნიშნულ ქალბატონს განმეორებით ჩაუტარდება კვლევები და არამხოლოდ მას, მის კონტაქტებსაც, ასევე მის ყველა თანამშრომელს. მედიკოსი არის უსიმპტომო, თანაც ეს ქალბატონი მიზნობრივი ტესტირების შედეგად გამოვლინდა, ის ძალიან მალე იქნა აღმოჩენილი, შესაბამისად, კონტაქტების რაოდენობა და ინფიცირების შანსიც ნაკლებია. თუ ყველა კონტაქტი, რომელიც ჩვენ საგარეჯოში მოვიძიეთ, უარყოფითი იქნება, ჩაითვლება, რომ ეს არ არის კახეთის შემთხვევა და გარე წყაროსთან არის დაკავშირებული.

ნიმუშების აღება ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება, ახლა აქტიურად ვმუშაობთ ბენეფიციარებზე, რომლებიც მოხუცთა თავშესაფრებში იმყოფებიან, ასევე შშმ პირებზე“, - განაცხადა ხიზანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში მომუშავე ექთანს სწრაფი ტესტი გუშინ ჩაუტარდა, რამაც ვირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა. ის დღეს PCR მეთოდით გადამოწმდება. როგორც ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მედიკოსი საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ გარდა, მათ კლინიკაშიცაა დასაქმებული და ამჟამად სწორედ ბოჭორიშვილის საავადმყოფოში, იზოლირებულად ბოქსირებულ სექტორში იმყოფება. მისივე განმარტებით, იქამდე, ვიდრე PCR ტესტის პასუხები არ გახდება ცნობილი, მედიკოსი კოვიდინფიცირებულად არ ითვლება.