გორის მუნიციპალიტეტში 1000-მდე ოჯახს პროდუქტების პაკეტი გადაეცემა

გორის მუნიციპალიტეტში 1000-მდე ოჯახს პროდუქტების პაკეტი გადაეცემა

გორის მუნიციპალიტეტში უსახსროდ დარჩენილ 1000-მდე ოჯახს პროდუქტების პაკეტი გადაეცემა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მერიის მიერ შეძენილი პროდუქტის განაწილების პროცესს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილიც დაესწრო.

პროდუქტის განაწილების მესამე ეტაპზე 50 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტებში ბურღულეული, რძის ნაწარმი, ტკბილეული, კარტოფილი და ჰიგიენისთვის აუცილებელი ნივთებია, რასაც მერის წარმომადგენლები დანიშნულების ადგილამდე მიიტანენ.

„დახმარება გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 150 000 ლარის ფარგლებში შეძენილი პროდუქტის ნაწილია, რომელიც გორის მერიამ მესამე ეტაპად კორონავირუსის გამო, შემოსავლების გარეშე დარჩენილ ოჯახებს და უკიდურესად შეჭირვებულ მოსახლეობას დაურიგა. დღემდე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გორის მერიის დახმარება 3000-მა ოჯახმა მიიღო. გარდა ამისა, გორის მერიის მეშვეობით პერიოდულად გაიცემა ადგილობრივი ბიზნესმენებისა და წითელი ჯვრის შემოწირულობით მიღებული პროდუქტებიც“, - აღნიშნავენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათი განმარტებით, დახმარების მისაღებად, უსახსროდ დარჩენილმა ოჯახებმა მერის წარმომადგენლებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში უნდა მიმართონ.