ორ მცირეწლოვანს, რომელსაც ზუგდიდის ლაბორატორიაში კორონავირუსი დაუდასტურდა, საკარანტინო სივრციდან თბილისში გადმოიყვანენ

ორ მცირეწლოვანს, რომელსაც ზუგდიდის ლაბორატორიაში კორონავირუსი დაუდასტურდა, საკარანტინო სივრციდან თბილისში გადმოიყვანენ

ე.წ თეთრიწყაროს კლასტერიდან, ორ მცირეწლოვანს, რომელსაც ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, კვლევის შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა, თბილისში გადმოიყვანენ.

როგორც „ინტერპრენსიუსს“ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, ბავშვებს თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში მოათავსებენ.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს ზუგდიდის ლაბორატორიაში სულ 86 პირის ბიოლოგიურ მასალას ჩაუტარდა კვლევა და კორონავირუსი მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ ორ შემთხვევაში დადასტურდა. ამავე ინფორმაციით, გამოკვლეული 86 პირიდან, 73 ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონიდან იყო, 13 კი ე.წ ცხელების ცენტრის პაციენტია.

ცნობისთვის, დღეს ზუგდიდის ლაბორატორიაში, ე.წ თეთრიწყაროს კლასტერიდან ორ მცირეწლოვანს, 4 და 7 წლის ბავშვებს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში დედასთან ერთად იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ დედას კორონავირუსი არ დაუდგინდა.