ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხაში ჩაის კრეფის და გადამუშავების პროცესს გაეცნო

ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხაში ჩაის კრეფის და გადამუშავების პროცესს გაეცნო

ჩაის კრეფის სეზონი წალენჯიხაში აქტიურად მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, პროცესში უკვე დასაქმებულია 40 ადგილობრივი და ყოველდღიურად 25-40 ლარამდე გამოიმუშავებს.

მათი ინფორმაციით, დასაქმებულთა მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რიცხვი მიმდინარე თვეში 120-მდე გაიზრდება.

"ჩაის კრეფის და გადამუშავების პროცესი სოციალური დისტანციის და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს. კომპანია ,,ლაზი“, რომელიც 300 ჰექტარზე ჩაის პლანტაციას ამუშავებს და წელს 160 ტონამდე პროდუქციის წარმოებას გეგმავს, სეზონს განახლებული ტექნოლოგიებით ხვდება.

კომპანიამ სახელმწიფოსგან პროექტ ,,ქართული ჩაის“ ფარგლებში, 47 ათასი ლარის ღირებულების თანამედროვე აპარატურა უსასყიდლოდ მიიღო, რისი დახმარებითაც უმაღლესი ხარისხის მწვანე ჩაის მომხმარებელს წელს პირველად შესთავაზებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჩაის კრეფისა და გადამუშავების პროცესს დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან ბესიკ ფარცვანიასთან და მოადგილეებთან ერთად გაეცნო. სახელმწიფო რწმუნებულმა, დარგის მნიშვნელობაზე და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე ისაუბრა.

,,მეჩაიეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი დარგი ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი რეგიონისთვის. ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს აქტიური სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. როგორც მინდვრად, ასევე თვით ჩაის ფაბრიკებიც მუშაობენ იმ რეკომენდაციების დაცვით, რაც არის გათვალისწინებული როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. დარგი ნელა-ნელა ძლიერდება, იკრებს ძალებს, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. სახელმწიფო, თავის მხრივ, ცდილობს ხელი შეუწყოს ამ დარგის აღორძინებას,” - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანია "ლაზი" მიმდინარე სეზონზე 160 ტონამდე პროდუქციის წარმოებას აპირებს, საიდანაც 50 ტონა უმაღლესი ხარისხის მწვანე და შავი ჩაი იქნება. ჩაის გადამუშავების შემდეგ, მისი დაფასოება ადგილზევე ხდება. წარმოებული ჩაით კომპანია "ლაზი", ეროვნულ ბაზართან ერთად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსაც ამარაგებს.

ალექსანდრე მოწერელიამ დღესვე წალენჯიხაში ჩაის ახლად რეაბილიტირებული პლანტაციაც დაათვალიერა, რომელიც 6,5 ჰექტარს მოიცავს. აივენგო შანავამ ჩაის ნაკვეთის რეაბილიტაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეძლო.