ქვემო ქართლში კოვიდინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან 2 თეთრიწყაროს სამედიცინო კლასტერს მიეკუთვნება და ერთი - ბოლნისის სოფელ გეტას

ქვემო ქართლში კოვიდინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან 2 თეთრიწყაროს სამედიცინო კლასტერს მიეკუთვნება და ერთი - ბოლნისის სოფელ გეტას

ქვემო ქართლის რეგიონში კოვიდინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა თეთრიწყაროში, ერთი კი - ბოლნისში.

,,დღეის მდგომარეობით 184 ჯამური რაოდენობა გვაქვს დაავადების გავრცელების რეგიონში. ბოლო 24 საათის განმავლობაში 35 საკვლევი მასალა იქნა გადაგზავნილი ლაბორატორიაში. 2 დადასტურებული ფაქტი დაემატა თეთრიწყაროს სამედიცინო კლასტერიდან, კონტაქტები დადგენილია. ასევე ერთი ფაქტი დაფიქსირდა ბოლნისში სოფელ გეტაში, სადაც გავრცელების პირველი შემთხვევაა, ინფიცირებული ასაკოვანი მამაკაცია.

რაც შეეხება რუსთავს, ბოლო დადასტურებულ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა კონტაქტების კვლევა, როგორც რუსთავში, ასევე კახეთში და ამ კონტაქტების ირგვლივ შემდგომი გავრცელება არ ყოფილა. რუსთავში ჯამურად 9 შემთხვევაა, ისევე როგორც მარნეულში არ ყოფილა დაავადების გავრცელების ახალი ფაქტი და კვლავ 22-ია“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მისივე განცხადებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის თერმოსკრინინგი. კერძოდ, თეთრიწყაროს დაბა მანგლისში, სოფელ ხაიშში, მარაბდაში, წინწყაროში, გოლთეთში, ჯორჯიაშვილსა და კოდაში 3539 ადამიანი შემოწმდა.