აჭარაში ლაბორატორიული კვლევა 200 პირს ჩაუტარდა და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

აჭარაში ლაბორატორიული კვლევა 200 პირს ჩაუტარდა და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევა 200 პირს ჩაუტარდა და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

როგორც ნიჟარაძემ აღნიშნა, უკვე მეოთხე დღეა აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა იგი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ ერთი ადამიანი განიკურნა.

„კორონავირუსით ინფიცირებული გვყავს 23 პაციენტი, დღის ბოლომდე კლინიკას კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს, თუმცა ამ კვირაში გვაქვს უფრო პოზიტიური მოლოდინები და ბევრის გამოჯანმრთელებას ველოდებით.

კლინიკაში მოთავსებულ რამდენიმე პირს უკვე კორონავირუსი აღარ უდასტურდება, თუმცა მათ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელება სჭირდებათ. ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ 78 წლის მამაკაცს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხსნეს მართვითი სუნთქვიდან, ასევე გამოჯანმრთელების სიმპტომები აქვს",- განაცხადა ნიჟარაძემ.