ახალციხის მუნიციპალიტეტში შეჭირვებული ოჯახების დახმარების მორიგი ეტაპი დაიწყო

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში სასურსათო ამანათებისა და ჰიგიენური საშუალებების დარიგების მორიგი ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქველმოქმედო ღონისძიებაში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, სხვადასხვა ბიზნესკომპანია და ინდივიდუალური მეწარმეა ჩართული. მათ შორის, კომპანიების - შპს „თენგო 2000“-ის, შპს „არალის“, შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“-ის, შპს „ასტორიას“, შპს „გაბიონის“, შპს „მელიზას“, შპს „მშენებელი 2004“-ის, ბიზნესმენების მერაბ სურმანიძის, ვახტანგ სურმანიძისა და სხვების თანადგომით, დახმარებას ამ ეტაპისთვის, 700-ზე მეტი შეჭირვებული, უსახსროდ დარჩენილი და მრავალშვილიანი ოჯახი მიიღებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამანათების დარიგების პროცესში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, მოადგილეები რუბენ კარაპეტიანი და ალექსი ზედგინიძე, ქალაქ ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატები და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, მერიის სოციალური და სხვა სამსახურების თანამშრომლები არიან ჩართულები.
„საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, შეჭირვებული ოჯახებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის, საკვები პროდუქტების დარიგებას რამდენიმე კვირაა ეტაპობრივად ახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























