ბოლნისიდან რუსთავში ე.წ. ცხელების ცენტრში მოთავსებული პაციენტის პირველადი ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

ბოლნისიდან, რუსთავის „ცხელების ცენტრში“ მოთავსებული შუახნის ქალი, პირველადი ტესტის პასუხის თანახმად კორონავირუსისგან განიკურნა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, ლუგარის ლაბორატორიაში საკვლევად გადაგზავნილია პაციენტის მეორად ტესტზე მასალა და პასუხს 24 საათში ელოდებიან.
,,პაციენტი ჩვენთან ბოლნისიდან იქნა გადმოყვანილი. ვინაიდან მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მისი განთავსება ჩვენს „ცხელების ცენტრში“ გადაწყდა. გუშინ მივიღეთ პირველადი ტესტის პასუხი და მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ველოდებით განმეორებითი ტესტის პასუხს“, - განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.
მისივე განმარტებით, „ცხელების ცენტრიდან“ ლუგარის ლაბორატორიაში ერთი თვის განმავლობაში, 200-მდე საეჭვო პაციენტის ნაცხის ნიმუშები იქნა გადაგზავნილი და მათგან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. ამასთან ერთად, ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო, კორონა ვირუსით ინფიცირებული პაციენტების მიმღებ ცენტრად გადაკეთდა და მზად არის, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტები მიიღოს.
,,საავადმყოფო კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების მიმღებ ცენტრად გადაკეთდა. სახელმწიფოს გადაწყვეტილებით კლინიკა მთლიანად დაცლილია და მოლოდინის რეჟიმზეა გადასული. თუ ქვეყნის მასშტაბით არსებული კოვიდ პაციენტების მიმღები ცენტრები გადაივსება და მათ პაციენტების მიღება აღარ შეეძლებათ, მათ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განათავსებენ. ამ დროისთვის საავადმყოფოში გადაუდებელი ამბულატორიული განყოფილება მოქმედებს მხოლოდ, ასევე ვმართავთ „ცხელების ცენტრს“, - განაცხადა რუსთავის ცენტრალური საავდმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ.

























