ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეულ 29 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეულ 29 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში Covid- 19-ზე შემოწმებული 29-ვე პირის ანალიზის პასუხი უარყოფითია.ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, PCR კვლევა დღეს ჩაუტარდა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს და სენაკის "ცხელების ცენტრის" 13 მედიკოსს. დანარჩენები კი "ცხელების ცენტრის" პაციენტები იყვნენ.

როგორც ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი ლელა ქაჯაია აცხადებს, ლაბორატორიაში უკვე 100-მდე ადამიანია გამოკვლეული.

"საბედნიეროდ, ისევ დადებით დინამიკას ვინარჩუნებთ სამეგრელოს რეგიონში. დღეს გამოვიკვლიეთ 29 პაციენტი და მათ შორის იყო 13 მედპერსონალი ინფექციური საავადმყოფოდან და სენაკის "ცხელების ცენტრიდან". რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს ასე გადანაწილდნენ: ყველაზე მეტი იყო რუხის საავადმყოფოდან, კლინიკა "ენელაიდან" და სენაკისა და ხობის "ცხელების ცენტრებიდან". ჩვენს ლაბორატორიაში ამ წუთის მონაცემებით უკვე გამოკვლეულია ასამდე ადამიანი", - აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი ლელა ქაჯაია.

ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ხვალიდან ჩინურ რეაქტივებს ელოდებიან. ამის შემდეგ ლაბორატორია სრული დატვირთვით იმუშავებს. კვლევები ჩაუტარდებათ ჯარისკაცებს და რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს.