მურატ ჯიოევი - საქართველოს ხელისუფლება შესაძლებლობას არ უშვებს, საერთაშორისო ყურადღება მიიპყროს

მურატ ჯიოევი - საქართველოს ხელისუფლება შესაძლებლობას არ უშვებს, საერთაშორისო ყურადღება მიიპყროს

საქართველოს ხელისუფლება შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რათა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყროს. ამის შესახებ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება გაძლიერებულად იმეორებს ძველ ბრალდებებს „სამხრეთ ოსეთის“ წინააღმდეგ ისე, რომ არ აწუხებს ამ ბრალდებათა აბსურდულობა.

„ცოტა ხნის წინ, საქართველოს მიერ წამოწეული სკანდალი, რომელიც უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის მიერ სოფელ ხუმთასთან და ტახტიძირთან განთავსებულ საინფორმაციო მაჩვენებელს უკავშირდება, გაგრძელდა ეუთო-ს 23 აპრილის მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე. ევროკავშირის, ზოგიერთი დასავლური ქვეყნის და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის მხრიდან სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას დაატყდა კრიტიკა, რომლებიც ბორდერიზაციაში და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს“, - განუცხადა სააგენტო „რესს“ ჯიოევმა.

მისივე თქმით, ის, რომ მათ სურთ დაუჯერონ საქართველოს ცრუ პროპაგანდას, ეს მათი საქმეა, საერთაშორისო საქმეებში სამართლიანობა მოითხოვს, რომ მოუსმინონ „სამხრეთ ოსეთსაც“, რომელსაც მისი თქმით, საქართველოსგან განსხვავებით, არ გააჩნია ღია საერთაშორისო ტრიბუნა.

ჯიოევის განცხადებით, აღნიშნული საინფორმაციო ნიშნები „სამხრეთ ოსეთის“ მიერ კეთდება სწორედ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელსაც მიეწოდება ინფორმაცია „საზღვრის“ გავლების შესახებ.