აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 3 პირი საავადმყოფოს ტოვებს

აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ სამი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებას დღეს დატოვებენ.
როგორც კლინიკა "მედალფაში" აცხადებენ, კიდევ 10 ინფიცირებულის გამოჯანმრთელებას ელოდებიან, რომელთაც საკონტროლო ტესტი ჩაუტარდებათ.
გამოჯანმრთელებული სამი პირიდან, ორი ე.წ ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, ხოლო ერთს მოგზაურობის ისტორია აქვს.
რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ სხვა პაციენტებს, კლინიკა "მედალფას" ინფორმაციით, დღეს დაინფიცირებულ ახალ პაციენტს, 60 წლის ქალს პნევმონია აქვს. კლინიკის ინფორმაციით, 76 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც მძიმედ ფასდებოდა, გაუმჯობესდა და უახლოეს დღეებში მას მართვით სუნთქვის აპარატიდან მოხსნიან.
"ახალ ინფიცირებულ ქალს პნევმონია აქვს და შესაბამისი პროცედურები უტარდება. ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მძიმეა, გაჩნდა უკეთესობისკენ ცვლილება. ამასთან, ველოდებით 10 პირის ანალიზს და შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაეწერონ, ხოლო სამი გამოჯანმრთელებული დღეს დატოვებს კლინიკას", - განაცხადეს კლინიკა "მედალფაში"
ბათუმში კლინიკა "მედალფაში" კორონავირუსით ინფიცირებული 28 ადამიანი მკურნალობს.

























