აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ოპოზიცია ბავშვივით იქცევა, რომელმაც ჩუმად რაღაც გატეხა და ოჯახის წევრებს აბრალებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ოპოზიცია ბავშვივით იქცევა, რომელმაც ჩუმად რაღაც გატეხა და ოჯახის წევრებს აბრალებს

აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სხდომათა დარბაზში ხმაურის გამო, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. აჭარის უმაღლესი საბჭო, მთავრობის მიერ წარდგენილ ფინანსურ დოკუმენტს განიხილავდა, რომლის მიხედვითაც, 20 მილიონი ლარი კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციისთვის გამოიყო.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, 20 მილიონი ლარი საკმარისი არ არის და მოითხოვენ, მმართველი გუნდის ორი ფრაქცია გაუქმდეს და დაზოგილი თანხა, კორონავირუსის პრევენციისკენ მიემართოს.

"ხომ შეიძლება კრიზისულ სიტუაციაში სამი ფრაქციიდან ორი გააუქმონ და ნახევარ მილიონამდე დაზოგონ, გარდა ამისა, შეიმცირონ საწვავის და სხვა ხარჯები, 20 მილიონი არის სასაცილო, გაცილებით მეტის გამოყოფის საშუალება არსებობს", - აღნიშნა ელგუჯა ბაგრატიონმა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ოპოზიციის ბრალდებას გამოეხმაურა და განმარტა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბავშვივით იქცევა.

"ოპოზიცია სულ ამ მდგომარეობაშია და იმ ბავშვივით იქცევა, რომელმაც ჩუმად რაღაც გატეხა და ოჯახის სხვა წევრებს აბრალებს. მე ვიყავი ინიციატორი და ახალი კონსტიტუციით, მმართველ პარტიას მხოლოდ ერთი ფრაქცია ექნება, მაგრამ რას გვაძლევს ახლა მოქმედი ფრაქციების გაუქმება, აპარატის ამდენი თანამშრომელი უნდა გავუშვათ კრიზისულ პერიოდში და ვუხადოთ კომპენსაცია როგორც უმუშევრებს, რა შეიცვლება, თან სიცრუეა ნახევარი მილიონი, საკმაოდ მცირე თანხებზეა საუბარი", - განაცხადა დავით გაბაიძემ.

სხდომა რამდენიმე წუთში განახლდება, თუმცა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, საკითხის მხარდაჭერას არ აპირებს.

იხილეთ ვიდეო: ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა