ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას მოყვა. როგორც ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მირდატ ქამადაძემ განაცხადა, აჭარაში ტურიზმის სეზონი ჩავარდა და ხელისუფლებას, ამ სფეროში კრიზისიდან გამოსასვლელი კონკრეტული გეგმა არა აქვს და მათი გეგმა კი ტურიზმის სექტორში არსებული პრობლემების მოგვარებას ეხება.

„ამათ არ აინტერესებთ, როგორ უნდა იცხოვროს ტურისტულმა სექტორმა, როცა სეზონი ჩავარდება. სამაგიეროდ, ბიუროკრატიას თეთრი არ აკლდება და ბედნიერები არიან. ამათ არ აინტერესებთ, როგორ უნდა გამოიკვებონ თვითდასაქმებული ადამიანები. ბათუმის საკრებულოს არც ერთ დეპუტატს აზრად არ მოსვლია, რომ ქალაქს სჭირდება ანტიკრიზისული გეგმა,"- აღნიშნა მირდატ ქამადაძემ.

აღნიშნულის შემდეგ მირდატ ქამადაძემ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.

„ქართულ ოცნების“ წევრი, ნატალია ზოიძე კი აცხადებს, რომ ოპოზიციის ანტიკრიზისული გეგმის შესახებ დღეს შეიტყვეს და გეგმა არ უნახავთ.

„თითოეული საკითხი როცა შემოდის საკრებულოზე, გადის შესაბამის პროცედურებს. დღეს დილით დაურეგისტრირებიათ, ჩვენ არც კი ვიცოდით. საუბარია ისეთ გეგმაზე, რომელიც ჯერ არ მინახავს. შეუძლებელია ისეთ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ნანახი არ გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გეგმა წარმოდგენილია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, რომელსაც ომის პერიოდში და შემდეგ ეკონომიკურ კრიზისში არ წარმოუდგენია არანაირი გეგმა“, - განაცხადა ნატალია ზოიძემ.

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ბათუმის მერიის ანგარიშს ისმენენ.