აზერბაიჯანის ელჩმა კახეთის სამხარეო ადმინისტრაციას 200 სასურსათო პაკეტი გადასცა

დღეს, აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დურსუნ ჰასანოვი კახეთს ეწვია და 200 სასურსათო პაკეტი კახეთის სამხარეო ადმინისტრაციას გადასცა.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დურსუნ ჰასანოვი კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა მიიღო და მეგობრული, ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანელ ხალხს, აზერბაიჯანის ბიზნეს ასოციაციას, რომელიც აზერბაიჯანის საელჩოს მეშვეობით ამ მეგობრულ, ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს ჩვენს მოსახლეობას. მინდა კიდევ ერთხელ დავაფასო ბატონი ელჩის სტუმრობა და აღნიშნული ჰუმანიტარული ღონისძიებისთვის მადლობა გადავუხადო", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სასურსათო პაკეტები კახეთის რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებზე გადანაწილდება.

























