ზვიად შალამბერიძე - სოფელ ღვანკითში კიდევ ერთი მაღაზია დავამატეთ, პროდუქტის და მედიკამენტების დეფიციტი არ არის

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სოფელ ღვანკითში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განუცხადა. როგორც შალამბერიძე განმარტავს, სოფელ ღვანკითში მოსახლეობის ტესტირება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„დღევანდელი დილის მდგომარეობით, ღვანკითში სიტუაცია უცვლელია, დამატებით ინფიცირებულები არ გვყავს, საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს, მაღაზიები ფუნქციონირებს, ერთი მაღაზიაც დავამატეთ და პროდუქტის, მედიკამენტების დეფიციტი არ არის. ღვანკითში ყოველდღიურად ვიღებთ ნიმუშებს, მათ შორის, გუშინაც ავიღეთ ნიმუშები და ჯერ პასუხები არ გვაქვს. გუშინ გვიან ველოდებოდით ნიმუშებს იმ პიროვნებების, რომელთაც წყალტუბოში დაფიქსირებულ covid19-ის მატარებელ პიროვნებასთან ჰქონდათ კონტაქტი, ასეთი 11 ადამიანი იყო და საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, ყველა შემთხვევა უარყოფითია. შესაბამისად, ჩვენ ამ პირების ირგვლივ კვლევას განვაგრძობთ და უნდა გამოვიკვლიოთ საიდან მოხდა მისი ინფიცირება, ან არის თუ არა კიდევ დამატებითი კონტაქტები. აღმოჩენილი კონტაქტებიდან პირები გარკვეული პერიოდი კარანტინში ყოფნას გააგრძელებენ და რამდენიმე დღეში მათი გადამოწმება მოხდება“, - განაცხადა შალამბერიძემ.

























